ევროკავშირის 5 ქვეყანა, დონბასში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
"მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ვგმობთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და დესტაბილიზაციას დონეცკისა და ლუგანსკის გარკვეულ ტერიტორიებზე. რუსეთმა უნდა დაასრულოს მისი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისათვის", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 თებერვალს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონბასის სოფლებში უკრაინულ პოზიციებზე თავდასხმები განახორციელეს. აღნიშნულის შედეგად დაიღუპა ერთი უკრაინელი სამხედრო, ოთხი კი დაშავდა.