ორმა თვითმფრინავმა, რომლითაც აშშ იოკოჰამას პორტში კარანტინში მყოფ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-იდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირებას ახორციელებს, იაპონია უკვე დატოვა.
იაპონიის მედიის ინფორმაციით, აშშ-ის თვითმფრინავებმა ტოკიოს ჰანედას აეროპორტი ორშაბათს დილით დატოვეს. Diamond Princess-ის ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან 40-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფიცირებული მოქალაქეები მკურნალობის კურსს იაპონიის საავადმყოფოებში გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3,700 ადამიანი იყო, კორონავირუსის გამო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება. გემზე დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 355-მდე გაიზარდა.