სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველთვიური დანამატი, რასაც ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ტრავმების გამო იღებენ, მიმდინარე წლის თებერვლიდან განსხვავებული წესით გაიცემა. ცვლილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.
ახალი ბრძანების მიხედვით, სამინისტროს სისტემის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს, მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრავმის მიღების გამო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიეცემა ყოველთვიური დანამატი 200-დან 800 ლარამდე ოდენობით.