კომპანია Apple-ის კვარტალურმა შემოსავლებმა 9%-ით მოიმატა და ამ კომპანიის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს - 91 მილიარდ 800 მილიონ დოლარს მიაღწია. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის მიერ გავრცელებულ კვარტალურ ანგარიშშია მოყვანილი.
აღნიშნული საანგარიშო პერიოდი 2019 წლის 28 დეკემბერს დასრულდა. კომპანია ამ მიღწევებს მათ განახლებულ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნით ხსნის, მათ შორის რა თქმა უნდა, მეტი წილი ახალ iPhone 11-სა და iPhone 11 Pro-ზე მოდის.
კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიის სუფთა მოგებამ ამ კვარტალში 22 მილიარდ 200 მილიონი დოლარი შეადგინა და ესეც უმაღლესი მაჩვენებელია კომპანიის არსებობის განმავლობაში.
კომპანიის პროგნოზით, მათი შემოსავლები ზრდას 2020 წლის პირველ კვარტალშიც განაგრძობს და 63-67 მილიარდ დოლარს შეადგენს.