კრიტიკულ წერილს აქვეყნენს საქართველოსთან მიმართებაში კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, ბრაიან ბაბინი. წერილის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა. წერილი 2020 წლის 23 იანვრით თარიღდება. "როგორც კონგრესის წევრი, დღეს გწერთ, რათა მივუმატო ჩემი ხმა მზარდ შეშფოთებას საქართველოს განგრძობად უკუსვლაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართულებით და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებაზე - წერს ბაბინი ტვიტერის საკუთარ გვერდზე. კერძოდ კონგრესმენი ამერიკული კომპანია ფრონტერასთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და ასევე აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ფეისბუქმა" აღმოაჩინა და გააუქმა იმ ანგარიშების ფართო ქსელი, რომელიც მმართველ „ქართულ ოცნების“ პარტიასთან იყო დაკავშირებული და აღმოჩენილი იქნა, რომ ისინი ეწეოდნენ „კოორდინირებულ არაავთენტიკურ საქმიანობას“, იმ მიზნით, რომ საქართველოში ოპოზიციური შეხედულებები ჩაეხშოთ და წინ წაეწიათ ანტიდასავლური სენტიმენტები, განსაკუთრებით, შეერთებული შტატების წინააღმდეგ.