ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "კლოუნია", რომელიც თავს აჩვენებს, თითქოს ირანელ ხალხზე წუხს. ხამენეიმ ამის შესახებ თეირანში, პარასკევის ლოცვისას, მლოცველებთან მიმართვის დროს განაცხადა.
ხამენეიმ გენერალ ყასემ სოლეიმანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკამ ის "ლაჩრულად" მოკლა, რის სანაცვლოდაც ირანი აშშ-ის სამხედრო ძალებს ახლო აღმოსავლეთიდან მალე გააძევებს. ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი შეერთებული შტატების მსახურები არიან და "ძალიან სუსტები არიან იმისთვის, რომ ირანი დააჩოქონ".