მიმდინარე წელს უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება დასაქმების დონე კი შემცირდება. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდაძე შესაბამის განცხადებას სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში 800 000 თვითდასაქმებული მოქალაქეა აღრიცხული, საიდანაც 80%-მდე სოფლადაა დასაქმებული და უსასყიდლოდ მუშაობს საკუთარ მამულში. თოდრაძის განცხადებით, ამ ადამიანების ნახევარზე მეტი მოწეულ პროდუქციას მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს. ახალი მეთოდოლოგიით, ასეთი ადამიანები დასაქმებულად აღარ ჩაითვლებიან.
ამასთან, თოდრაძის განმარტებით, სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ მეთოდოლოგიამ უმუშევრობის დონის გაზრდასთან ერთად შეამცირა დასაქმების დონე, რამდენადაც თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილი გადაკვალიფიცირდა უმუშევრად, ნაწილი კი სამუშაო ძალის გარეთ მყოფ მოსახლეობად. ცნობისთვის, „საქსტატის“ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,8%-ია.