დადასტურებული ცნობებით, ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ეროვნული ოპერაციების შტაბის კომისრის მოადგილის ინფორმაციით, ამ დროისთვის პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების კუნძულზე შეყვანა ვერ ხერხდება.
"ის მთლიანად ვულკანური წარმონაქმნებით არის დაფარული. ჩვენი მონაცემებით, ერთი ადამიანია დაღუპული, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება", - განაცხადა ჯონ თიმსმა.
ჯერჯერობით, კვლავ უცნობია ზუსტი რიცხვი, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულზე, თუმცა ოფიციალური პირების ცნობით, მათი რაოდენობა დაახლოებით 50-ია. როგორც ცნობილია, მაშველებმა 23 ადამიანის კუნძულიდან გაყვანა მოახერხეს. დანარჩენთან დაკავშირება ვერ ხერხდება.