ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ, ჩემს ქვეყანას თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებად კვლავ მავთულხლართები და ფიზიკური ბარიერები ჰყოფს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრატისლავაში, ეუთო-ს 26-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს. მისი თქმით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეროვნებით ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია გამოიყენება, როგორც საქართველოზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების ბერკეტი .
გარდა ამისა, მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა აიძულოს რუსეთის ფედერაცია შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.