"რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე, მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და "ინტერმედია პლიუსის" დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილს წაუყენა. სამივეს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. დამენიასა და იაშვილს კი 50-50 ათასიანი გიარაო აქვთ შეფარდებული.