საქართველოში შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემების ერთიანი ბაზა შეიქმნას. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრში მოხვედრილ ადამიანებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა აკრძალებათ. ამ ტიპის თამაშობის ორგანიზატორებს ექნებათ ვალდებულება, რომ მოქალაქის მონაცემები აღნიშნულ ბაზაში გადაამოწმონ და აღმოჩენის შემთხვევაში პირი დაწესებულებაში არ შეუშვან. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის მონაცემების შეტანა 3 წლის ვადით განხორციელდება.
კანონპროექტის ავტორის შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.