დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი "ლეიბორისტი" მეტოქე ჯერემი კორბინი 12 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ გამართული პირველი სატელევიზიო დებატების დროს "ბრექსითის" საკითხზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დებატების დროს კორბინმა განაცხადა, რომ ის "ბრექსითის" შესახებ ევროკავშრთან ხელახალ მოლაპარაკებებს გამართავს, საბოლოო სიტყვის უფლებას კი ხალხს მისცემს და მათ სურვილს პატივს სცემს. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩაატარებს რეფერენდუმს და ხალხის გადაწყვეტილებას დაემორჩილება. ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს, ხოლო ბლოკთან ახალ სავაჭრო შეთანხმებას ქვეყანა 2020 წლის ბოლომდე გააფორმებს.
შეგახსენეთ, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს გაიმართება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ "კონსტერვატორებს" ამომრჩეველთა 42 პროცენტი უჭერს მხარს, "ლეიბორისტებს" – 30, "ლიბერალ-დემოკრატებს" - 15, "ბრექსითის პარტიას" კი - ამომრჩეველთა 4%.