"ქართული ოცნების" ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე საზოგადოების პროტესტს გაფრთხილებით პასუხობს.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. მან საპროტესტო აქციებს "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი განშტოებების მიერ ორგანიზებული უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ხალხის მობილიზების რესურსი არ გააჩნიათ. მისივე შეფასებით, ამ ფონზე ოპოზიცია დესტრუქციული პერფონმანსებით არეულობის შემოტანას ცდილობს. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2020 წლის ოქტომბერში არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება და რომ ხელისუფლება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე რაიმე ინიციატივის განხილვას აღარ აპირებს.