2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში, 193 მილიონ 333 ათას 596 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული. ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.
ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში ლიდერობს „საქართველოს ბანკი“ – 83 მილიონ 812 ათას 102 ლარით, მას მოსდევს „თიბისი ბანკი“ – 59 მილიონ 748 ათას 661 ლარით; მე-3 ადგილზეა - „ქართუ ბანკი“, რომლის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობაც - 24 მილიონ 352 ათას 452 ლარს შეადგენს. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი „ბაზისბანკი“ და „ვითიბი ბანკი“ იკავებენ, შესაბამისად, 12 მილიონ 735 ათას 419 ლარითა და 9 მილიონ 114 ათას 928 ლარით.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, „იშ ბანკი საქართველოსა“ და „პაშა ბანკი საქართველოს“ დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.
ცნობისთვის, 2019 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.