"საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი იყო, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.2 პროცენტიანი ზრდა.
ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 13.5 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, ფასები ხილსა და ყურძენზე 26.9 პროცენტით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 16 პროცენტით, თევზეულზე - 15.8 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე - 14.7 პროცენტით, შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე - 13.7 პროცენტით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 12.4 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე კი - 11 პროცენტით არის გაზრდილი.
ამასთან, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 13.8 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე. „საქსტატის“ ცნობით, დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში -ფასების 3 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, ხოლო სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები 6.9 პროცენტით არის მომატებული.