არგენტინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სავალუტო კონტროლი გამკაცრდა. თუ აქამდე ამ ქვეყნის მოქალაქეებს თვეში 10 ათას დოლარამდე ყიდვის უფლება ჰქონდათ, ახალი რეგულაციის მიხედვით, ის 200 დოლარამდე შემცირდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მარეგულირებელმა ხელისუფლების ცვლილების განმავლობაში გარდამავალ პერიოდში საკუთარი სავალუტო რეზერვების დაცვით ახსნა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობა აგვისტოში ჩატარებული პრაიმერიზის შემდეგ დაიწყო. კურსის მკვეთრმა ვარდნამ ხელისუფლება აიძულა სავალუტო კონტროლი შემოეღო, მათ შორის მოქალაქეების მხარესაც. მიუხედავად ამისა, ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა ამ ხნის მანძილზე 20 მილიარდი დოლარით იკლო. Bloomberg-ის ცნობით, არგენტინელებმა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე აქტიურად დაიწყეს დოლარის შეძენა და ანგარიშებიდან თანხის მოხსნა.