დღეს ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ იგდოს ხელში ქონება, რომელიც მინიმუმ 700 მილიონი დოლარი ღირს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, მან 2009 წელს დაიწყო წყალტუბოს განვითარება, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააჩერა.
"ასეთი მასშტაბური ძარცვა არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში არც ერთი დამპყრობლის მიერ. კარგი ამბავია მხოლოდ ის, რომ ივანიშვილის მმართველობა უახლოვდება დასასრულს, ეს კიდევ ერთი გამოღვიძების ზარია ჩვენთვის, რომ უნდა დავირაზმოთ, ერთად დავდგეთ. რა თქმა უნდა, როგორც ვვარაუდობდი, წყალტუბო უკვე დიდი ხანია, დამთავრებული იქნებოდა. 2013 წლის ბოლოს ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი იქნებოდა, როგორც გავაკეთე ბათუმი", - განაცხადა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.