ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ანეგრეთ კრამპ-კარენბაუერს ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნასთან დაკავშირებით ესაუბრა. მისი თქმით, ის მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება მშვიდობის დამყარებისკენ.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სურთ თუ არა გადასცენ "პეტრიოტის" ტიპის სარაკეტო დანადგარები თურქეთს და დასძინა, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრები ამ თემას ხუთშაბათს, ნატოს შტაბ-ბინაში განიხილავენ.
შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა წამოჭრა ინიციატივა ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ, რათა დაიცვან იძულებით გადაადგილებული მშვიდობიანი მოქალაქეები და უზრუნველყონ, რომ ბრძოლა გაგრძელდეს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ.