თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული საჰაერო და საარტილერიო თავდასხმების შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, "სირიის დემოკრატიული ძალების" მხრიდან თურქეთის ქალაქების დაბომბვას კი 6 მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის 9 თვის ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" "სირიის დემოკრატიული ძალებსა" თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის გაზაფხულის" დაწყებიდან დღემდე 228 "ბოევიკის" განადგურება შეძლეს.
მიმდინარე იერიშების გამო სირიის ჩრდილოაღმოსავლეთ რეგიონებიდან საკუთარ სახლებს ათასობით ადამიანი ტოვებს.
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპერაციის მიზანი საზღვრისპირა რეგიონში "უსაფრთხოების ზოლის" შექმნაა.