კაკლოვან კულტურებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, ქართველი მწარმოებლები დარგის კომერციალიზაციაზე იწყებენ ფიქრს. ამაში მათ ევროკავშირი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია დაეხმარებათ. კაკლოვანი კულტურების საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, დღეს 150-მდე ფერმერი და ინდუსტრიის ექსპერტი შეიკრიბა. საერთაშორისო კონფერენციაზე, კაკლოვნების გლობალური ტენდენციები, საქართველოში კაკლოვანი კულტურების სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობა და დარგში არსებული გამოწვევები განიხილეს. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსთვის საექსპორტო შემოსავლების პოტენციური ახალი წყაროების და კომერციული წარმოების გზების ჩვენება. აღსანიშნავია, რომ კაკლოვნებზე მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა და მათი საბაზრო ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე ხილისა და ბოსტნეულის. ქართველი ფერმერების თქმით, ქვეყანას საკუთარი მწარმოებლების შესაძლებლობის გაზრდა სჭირდება შიდა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობისთვის.ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსმა. ლევან დავითაშვილის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს მეწარმოების განვითარების კუთხით. ამას ისიც მოწმობს, რომ ქართველმა მეწარმეებმა, სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რაც მათ დაეხმარათ წვდომა ჰქონოდათ მაღალ შემოსავლიან ბაზრებზე. ასევე ხელი შეუწყო წარმოების ტექნოლოგიებისთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას.ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი ექსპერტები, რომლებმაც ქართველ მეწარმეებს ტექნიკური ცოდნა გაუზიარეს და ინფორმაცია მიაწოდეს, რათა უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ მაღალშემოსავლიან ბაზრებზე. აღსანისნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მწარმოებლებს ეხმარება სავაჭრო კონტაქტების დამყარებაში მსოფლიოს 22 ქვეყანასთან. ამასთან, წლების განმავლობაში, "იბიარდმა", საქართველოში აგრობიზნესის გასაძლიერებლად 262 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.