მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის (RUSADA) სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. შესაბამისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის მოხსენება, სადაც საუბარია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან იანვარში მიღებულ მონაცემებთან და ინფორმაციებთან შეუსაბამობაზე.
შექმნილ ვითარებაში რეალურ საფრთხეს ხედავს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სტანისლავ პოზდნიაკოვი, რომელიც აღიარებს, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის გუნდის მონაწილეობის პერსპექტივა საფრთხეშია. იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება, რომ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზა გაყალბდა, დღის წესრიგში დადგება რუსი სპორტსმენების საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, მათ შორის 2020 წლის ოლიმპიადიდან, მოკვეთის საკითხი.