საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა "შრომის კოდექსში" შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კანონპროექტის განხილვები, რომლის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, პარლამენტს ჯერ არ დაუწყია. ახალი კანონპროექტით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსში არსებულ დანაწესს. კერძოდ, როგორც კოდექსში ვკითხულობთ: “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესი სხვა კრიტიკულ საკითხებსაც ხედავს. მათ შორის საუბარია, სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესებაზე. ბიზნესი ამბობს, რომ ცვლილებების იმ ფორმით მიღება, რა ფორმითაც დღეს არის წარმოდგენილი, ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ფინანსურ და უფლებრივ მდგომარეობაზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებეს აპროტესტებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორიც. ლევან ვეფხვაძე 3 ძირითად პრობლემურ საკითხს გამოყოფს. პირველი ის, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს ეკონომიკური დასაბუთება არ ახლავს და შესაბამისად, უცნობია აღნიშნულ პროექტს რა ნეგატიური ეფეტი შეიძლება ჰქონდეს ბიზნესისთვის. ამასთან, ახალი კანონპროექტი იმაზე მაღალ სტანდარს აწესებს, ვიდრე ეს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში შეიძლება იყოს. გარდა ამისა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა, შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს. რიგ შემთხვევებში კი, კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება.