2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 მილიარდ 126 მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 მილიარდ 411 მილიონ 600 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 5 მილიარდ 714 მილიონ 500 ათას დოლარს შეადგენს.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, 3 მილიარდ 302 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.6 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტით გაიზარდა და მილიარდ 495 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა.
2019 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 571 მილიონ 100 ათასი დოლარის ექსპორტი, რაც 25.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ კი მილიარდ 479 მილიონ 100 ათას დოლარს მიაღწია. ხოლო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 მილიარდ 50 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით ჩამორჩება.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან დსთ-ის (დესეთე) ქვეყნებში ექსპორტირებულია მილიარდ 274 მილიონი ამერიკული დოლარის საქონელი, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა მილიარდ 494 მილიონ 200 ათას დოლარს გაუტოლდა, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 მილიარდ 768 მილიონ 100 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია.