"თალიბანი" აცხადებს, რომ აშშ-ისთან მოლაპარაკებებისთვის მათი კარი ღიაა და ეს საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ დონალდ ტრამპს სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენა სურდეს. ამის შესახებ თალიბანის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა შერ მუჰამედ აბას სტანიკზაიმ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ავღანეთში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები თალიბანთან მკვდარია, ვინაიდან მოძრაობა კვლავ აგრძელებს თავდასხმებს. 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარ თავდასხმას ამერიკელი სამხედროც ემსხვერპლა.
სტანიკზაის განცხადებით, ამერიკის შეშფოთება უსაფუძვლოა.
"მათ ათასობით თალიბი დახოცეს. თუმცა, ამავე დროს თუ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი მოკვდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ასეთი რექცია უნდა აჩვენონ, ვინაიდან ცეცხლი არცერთი მხირდან შეწყვეტილი არ არის", - განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა.
"თალიბანი" ავღანეთის მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებს, მოძრაობა არ აღიარებს ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ ღანის მთავრობას. ისინი ავღანეთის მთავრობასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ მანამ, ვიდრე ამერიკასთან შეთანხმებას არ მიაღწევენ და ამერიკელი სამხედროების ქვეყნიდან გაყვანა არ დაიწყება.