ინტერნეტით საქართველოს შინამეურნეობების 79.3 პროცენტი არის უზრუნველყოფილი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.5 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2019 წლის გამოკვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საქალაქო დასახლებებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 1.8 პროცენტული პუნქტით - 86.1 პროცენტამდე, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 5.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.9 პროცენტს მიაღწია. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 70.6-მა პროცენტმა, რაც 6.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სარგებლობდა ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს - ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე, 9.1 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც, 1.8 პროცენტი კი - უფრო იშვიათად მოიხმარდა.