ჩინეთში საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება და მეოთხედფინალური დაპირისპირებები დაიწყო. ტურნირზე ორი ნახევარფინალისტი უკვე გამოვლინდა. არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ბევრის აზრით, ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სერბეთის ნაკრები გამოაგდო. სამხრეთ ამერიკელებმა მეტოქეს 10 ქულიანი სხვაობით 97-87 მოუგეს და საუკეთესო ოთხ გუნდში გავიდნენ. საოცარი მატჩი ჩაატარეს ვეტერანმა ლუის სკოლამ და ფაკუნდო კამპაცომ, რომლებმაც ჯამში 38 ქულა 11 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალეს. სერბების მხრიდან გამორჩეული იყო ბოგდან ბოგდანოვიჩი, რომელმაც 21 ქულა 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ესპანეთის ეროვნული ნაკრები პოლონეთთან უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა და პირენეელებმა ეს სტატუსი უპრობლემოდ გაამართლეს. მათ მეტოქე 90-78 დაამარცხეს და საუკეთესო 4 გუნდში გავიდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიკი რუბიო დასახელდა, ესპანელმა 19 ქულა 5 მოხსნა და 9შედეგიანი გადაცემა მიითვალა. პოლონელთა რიგებში საუკეთესო სლაუტერი იყო, რომელმაც 19 ქულა 2 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.