ერგნეთში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იქნება და მხარეები იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც საზღვრისპირა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და საქართველოს მხრიდან ბლოკპოსტის აშენების პროცესს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ ქართულმა მხარემ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო ააგო, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ რიგი ქმედებები მოჰყვა და ისინი საქართველოს აღნიშნული ბლოკპოსტის დაშლას სთხოვდნენ.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, "სამხრეთ ოსეთის" ე.წ.მესაზღვრეებმა სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე "სასაზღვრო პოსტის" მშენებლობა დაიწყეს.