ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. პროექტის ღირებულება 909 მილიონ 24 ათას 280 ლარია. სამუშაოების ვადად 4 წელია განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის ნაწილია. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ახალი გზა და 9 კილომეტრიანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ამასთან, გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას. ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკსა და გუდაურის ზამთრის კურორტს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, აღნიშნული გზის სხვა დანიშნულებაზეც საუბრობენ. კერძოდ, გაუმჯობესდება ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობები. ამასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას. პროექტის ზემოქმდების არეალში ხეობის 9 სოფელი მოხვდება
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად. ჯამში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23 კილომეტრამდე გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება და მსოფლიო მასშტაბით, უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. აღსანიშნავია, რომ ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში მილიარდ 200 მილიონი ლარია.