ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა, მათ შორის, საზედამხედველო კაპიტალის ზრდამ და ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებამ, საფინანსო სექტორზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე აისახა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. 2018 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.
ამავე მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული 4 ათას 175 ადამიანი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 816 ადამიანით ნაკლებია.
მიკროსაფინანსოების კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ფილიალების რაოდენობაც 41 ერთეულით შემცირდა. თუ 2018 წლის მეორე კვარტალში 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 433 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2019 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 392-მდე შემცირდა.