ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის "დიდი რვიანის" ჯგუფში უპირობო დაბრუნებას. ამის შესახებ "ევრონიუსის" ცნობით, ევროპული ბლოკის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ მოსკოვს "დიდ შვიდეულს" შეუერთდებოდა.
აღსანიშნავია, რომ "დიდი შვიდეულის" ქვეყნები, მომავალ უქმეებზე საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ბიარიცში აპირებენ შეხვედრას.
"რუსეთის გარიცხვის მიზეზი კვლავ აქტიურია და მისი უპირობოდ დაბრუნების შეთავაზება იქნება არაპროდუქტიული და ჩვენი სისუსტის მანიშნებელი", - განაცხადა ევროპელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე უარი თქვა.
"დიდი რვიანის" წევრები ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი იყვნენ, თუმცა ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლის ივნისში G8-ის ქვეყნის ლიდერები სოჭში მორიგ სამიტზე აღარ გაემგზავრნენ და ფორუმიდან რუსეთი გააძევეს.