ირანი სპარსეთის ყურეში ომს არ დაიწყებს, თუმცა თავს დაიცავს, - ამის შესახებ ირანის საგარეო მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა.
"იქნება თუ არა სპარსეთის ყურეში ომი? შემიძლია გითხრათ, რომ ირანი სპარსეთის ყურეში ომს არ დაიწყებს, თუმცა საკუთარ თავს დავიცავთ", - განაცხადა ზარიფმა.
ვითარება ირანსა და დასავლეთს შორის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სპარსეთის ყურეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "საზღვაო წესების დარღვევისთვის" დააკავა.
ბრიტანეთმა ამ საკითხის განსახილველად აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო წარმომადგნლები მიიწვია და შეხვედრაზე ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობის უსაფრთხოებისათვის საერთაშორისო მისიის შექმნა განიხილეს. ბრიტანეთის გეგმას მხარდაჭერა გამოუცხადეს საფრანგეთმა, იტალიამ და დანიამ.
რაც შეეხება აშშ-ირანის ურთიერთობებს, ვაშინგტონი გასულ წელს გამოეთიშა ირანთან მიღწეულ 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას და სანქციები განაახლა თეირანის წინააღმდეგ, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია.