ფერმერები საქართველოში ხორცის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობენ. ბექა გონაშვილის თქმით, პრობლემას ქმნის ცოცხალი საქონლის დეფიციტი და ადგილობრივი წარმოების არქონა, რის გამოც მომავალში ხორცზე ფასი კიდევ რამდენიმე ლარით მოიმატებს. ცნობისათვის, 2 თვეზე მეტია, რაც საქართველოში საქონლის ხორცი გაძვირდა. თუ ერთი თვის წინ 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს.
ცნობისათვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან სულ ექსპორტზე 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, აქედან 79 250 სულის ექსპორტი აზერბაიჯანში, ხოლო 47 889 სულის ექსპორტი ერაყში განხორციელდა.
საქსტატის 2019 წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობაც შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში სულ აღრიცხული იყო 965 ათასი მსხვილფეხა საქონელი, რაც 14 ათასით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა 979 ათასს შეადგენდა.