ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეები ბოლო 5 დღის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებიან, რის გამოც ავიარეისების უმეტესობა გაუქმდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ მათ მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო.
ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.