ჰოლივუდის მიერ საქართველოში ფილმის გადასაღებად 31 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ, მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დახარჯული მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მაქსიმალურ ოდენობად 31 მილიონ 358 ათას 162 ლარი განისაზღვრა.შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაცით, საქართველოში ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს. ამის შესახებ სააგენტომ ინფორმაცია 6 ივლისს გაავრცელა, თუმცა, ჯერ არ აკონკრეტებენ თუ რა ფილმის გადაღებას გეგმავს ჰოლივუდი.
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით კი, საუბარია, „ფორსაჟი 9“-ის ნაწილზე. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ 5 ივლისს წერდა. კერძოდ, გამოცემის ცნობით, ფილმის მონაკვეთის გადასაღებად თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. ამასთან, შესაძლოა, გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც გადაიკეტოს. მათ შორის, საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ძველი თბილისის ნაწილზე.
ცნობისთვის, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი. ფილმის მსახიობები ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, მიშელ როდრიგესი და სხვები არიან.