გარემოსდაცვით საკითხებზე, მათ შორის ტყის დაცვისა და მართვის მიმართულებით სახელმწიფოს ახალი სტრატეგიული მიდგომა აქვს. კერძოდ, შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც პარლამენტში განხილვის ეტაპზეა. შემოდგომაზე ქვეყანას ექნება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტყის რესურსების დაცვასა და მდგარდ მართვას. იმისთვის რომ გარემოსდაცვითი ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი“ მოამზადა. ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს აწვდის უნიკალურ ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ტყის მართვის, ტყის საფარისა და ტყის ხანძრების, ასევე ხე-ტყისა და წიაღის მოპოვების ლიცენზიების, გეოლოგიური რისკების, მეწყერების, დაცული ტერიტორიების, ტურისტული ბილიკებისა და სხვა მიმართულებების შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ახალი ონლაინ პლატფორმა გამორჩეული იმითაც არის, რომ ტყისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის "ატლასი", გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ფინანსიური მხარდაჭერით მომზადდა. ონლაინ პლატფორმაში გაერთიანებული საინფორმაციო მასალა და მონაცემები მუდმივად განახლდება.