ტოკიო ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტს სახლიდან გაუსვლელად მუშაობისკენ მოუწოდებს. ინიციატივა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. CNN-ის ინფორმაციით, ტოკიოში ყოველდღიურად 20 მილიონი ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. შესაბამისად, ადგილობრივ ხელისუფლებას გონივრული შიში აქვს, რომ ტოკიოში ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების საყურებლად ჩასული დამატებით 600 ათასზე მეტი ადამიანი ისედაც გადატვირთულ სატრანსპორტო სისტემას კიდევ უფრო გადატვირთავს.
სამგზავრო ქაოსისგან თავის არიდების მიზნით იაპონიის ხელისუფლებამ დისტანციურად მუშაობის სქემა შეიმუშავა და დასაქმებულებს მოუწოდებენ, რომ 24 ივლისიდან, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში სახლიდან იმუშაონ. იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი იმედოვნებს, რომ ცდაში მონაწილეობას 3 ათასი კომპანიის 600 ათას თანამშრომელზე მეტი მიიღებს.