ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ოთხსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაშავებულია 9 ადამიანი. გარდა ამისა, ნანგრევებში კვლავ რჩებიან მოყოლილი ადამიანები. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველებს და მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. ქალაქის პოლიციის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია მანამ არ დასრულდება, ვიდრე ბოლო ადამიანს არ იპოვიან. ნგრევის მიზეზი ჯერ უცნობია.
გავრცელებული ცნობით, შენობა ასი წლის წინ იყო აგებული, ბოლოდროინდელმა გადაუღებელმა წვიმამ კი შესაძლოა, მის ჩამონგრევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ინდოეთში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია, ნგრევის შემთხვევები როგორც წესი წვიმის სეზონზე ხდება ხოლმე.