საქართველოში გარგარის სეზონი უკვე დასრულებულია, რის გამოც ადგილობრივი პროდუქტი სომხეთიდან იმპორტირებულმა ჩაანაცვლა.როგორც East fruiT წერს, სეტყვამ ქვეყანაში მოსავლის ნაწილი გაანადგურა, გარგარის მოცულობის შემცირებამ კი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაარღვია და საბაზრო ფასზე გავლენა იქონია.
ფერმერი ნიკა გეთიაშვილი, რომელსაც კახეთში გარგარის ბაღი აქვს გაშენებული, პროდუქტის სომხეთიდან იმპორტირებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით, ძლიერმა სეტყვამ მოსავლის 10-15% გაუნადგურა. შედარებით დიდი ზარალი მიიღო ფერმერმა ვალერი ტურაშვილმა, რომელმაც გარგარის მოსავლის 30% სეტყვის შედეგად დაკარგა, მოსავლის ნაწილი კი გაფუჭდა და სარეალიზაციო სახე დაკარგა.
მიუხედავად ამისა, წელს ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩა და 1 კილოგრამი გარგრის ფასმა, საშუალოდ, ლარი და 50 თეთრი შეადგინა.