ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს პატიმრობა 2018 წლის 17 ოქტომბერს შეუფარდა. ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი გიორგი მერებაშვილის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას აქვთ წაყენებული.