მიხეილ კალანდიას ოჯახი შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილისგან ბოდიშის მოხდა ითხოვს. როგორც ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მეზვრიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც მიხეილ კალანდიას მიმალვაზე საუბრობდა, სასამართლო არ ცვლის აღკვეთის ღონისძიებას და მისი ძმა პატიმრობაში რჩება. კალანდია ამბობს, რომ დაკავების დღეს მიხეილ კალანდია მიმალვას არ ცდილობდა და სასამართლოში მიდიოდა.
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.