საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეისების აკრძალვის შედეგად, დიდი ალბათობით, ბელორუსული და თურქული კომპანიები ისარგებლებენ, - ამის შესახებ „ბი-ბი-სი“-ს რუსული ბიურო წერს. მათივე ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს აკრძალვის გამო ხარჯები მოემატებათ. Aviasales-ის მონაცემების მიხედვით, პირდაპირი რეისების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მიმართულებით ბილეთის ფასი არ შეცვლილა. ამჟამად ფრენის საშუალო ღირებულება 13 ათასი რუბლი ანუ 570 ლარია, თუმცა მგზავრობის ხანგრძლივობა ფაქტობრივად, ორჯერ გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით 8 ივლისიდან აიკრძალა. რამდენ ხანს გაგრძელდება აკრძალვა უცნობია, თუმცა პრეზიდენტის პრეს-მდივანს, თუ დავუჯერებთ, საქართველოს არარუსოფობიულ კალაპოტში დაბრუნება კრემლისთვის იმის საფუძველი გახდება, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედოს.