თურქეთში მაღალი შემოსავლის მქონე და ძვირადღირებული სახლების მფლობელი ადამიანებისთვის გადასახადების დაწესება დროებით გადაიდო. კანონპროექტის განხილვას, რომელიც ახალი გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს, თურქეთის პარლამენტი საშემოდგომო სესიებზე დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, კანონპროექტის მიღება მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გადაიდება, რისი მიზეზიც 15 ივლისიდან თურქეთის პარლამენტის მუშაობის დროებითი შეჩერება და საზაფხულო არდადეგების დაწყებაა.
თურქეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, თურქეთის ცენტრალური ბანკი დამატებითი შემოსავლის სახით 46 მილიარდ თურქულ ლირას ანუ 8 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიღების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომელთა წლიური შემოსავალიც 1 მილიონ ლირას ანუ 177 ათას 400 დოლარს აღემატება, გადასახადები 50%-ით გაეზრდებათ. ძვირადღირებული და მდიდრული სახლების მფლობელებს კი 35%-ით მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ.