"პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი", "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის "ამბავი დამთავრებულია"."მიტინგის დაშლა შეიძლება მოხდეს და ზოგჯერ ეს ძალის გამოყენება ლეგიტიმურია, ზოგჯერ კი არა, მაგრამ როცა დარბევა ხდება, სერიოზული ძალის გადამეტება და მიტინგის მონაწილეების დაზიანება, რამდენიმე მშვიდობიანი ადამიანი თვალს რომ დაკარგავს და 1-2 მხოლოდ ახლა გამოვიდა კომიდან, სიკვდილის პირას რომ იქნება ადამიანი, ამის მერე შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობრივად და პოლიტიკურად ყოველთვის უშუალო პასუხისმგებელია, მისი ამბავი დამთავრებულია, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა გასარკვევია. მაგრამ ყველა ხელისუფლებას სჭირს ერთი და იგივე უბედურება, არავის უნდა ამისთვის თვალის გასწორება, ამა თუ იმ მოსაზრებით არ თვლიან საჭიროდ, რომ უშუალო პასუხისმგებლებს დაეკისროთ ეს პასუხისმგებლობა. მიაჩნიათ, რომ ეს იქნება სისუსტის გამოვლინება, მერე აღარ გაჩერდებიანო. პრაქტიკულად უტოვებენ ოპოზიციას სამიზნეს, რომელსაც მერე მუდმივად ხვდება ტალახი და სრულიად დამსახურებულადაც, რადგან ის არის პასუხისმგებელი. ამ შემთხვევაში სამიზნე გახარიაა, ადრე იყო მერაბიშვილი", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.