რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კიდევ ჩამოვიდეს. როგორც გავრილოვი აცხადებს, მისი სურვილია, საქართველოს ამჯერად მომლოცველის რანგში ესტუმროს და „მომლოცველობის“ შესახებ რუსეთის პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის ფარგლებში ქვეყნის წმინდა ადგილებში იმოგზაუროს, თუმცა რუსეთის დუმის დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ჩამოსვლას ახლა არ გეგმავს, რადგან არ სურს, პროვოკატორებს საბაბი მისცეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას გასულ კვირას აქციები მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება. ქართულმა საზოგადოებამ სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის გახსნა გააპროტესტა.