9 ივნისს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ცესკო-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ლადო კახაძე. არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელია რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის წარმომადგენელმა. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.