ორბელიანის მოედანი საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიალს თბილისის მერთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერიც დაესწრო. კახა კალაძის განცხადებით, ეს არ არის ერთადერთი მასშტაბური პროექტი და თბილისის მერია არაერთ მსგავს პროექტს ახორციელებს. მისი თქმით, პროექტი დასრულებულია, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება შესრულებული. ამასთან, მერმა დღევანდელი დღე ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა კვლავ დედაქალაქში არსებული პირობების გაუმჯობესებაა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა.