რუსთაველის გამზირი კვირაში ერთ დღეს, შესაძლოა ავტომობილებისთვის გადაიკეტოს. აღნიშნული ინიციატივა, ერთ-ერთია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც სამუშაო ჯგუფის შეფასებით, მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს.შეგახსენებთ, რომ კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ხოლო ქალაქის ცენტრი ერთ-ერთი მძიმედ დაბინძურებული ადგილია. აქედან გამომდინარე, ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა, რუსთაველის გამზირი ერთი დღით ავტომობილებისთვის გადაიკეტოს. ამასთან, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შესაძლებელი იქნება, გამზირზე არსებული 6 საავტომობილო ხაზიდან ერთი ფუნქციონირებდეს. ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე რეაგირების მიზნით, პარლამენტში პირველი თემატური მოკვლევა 2018 წელს დაიწყო.