ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა აბრამიძე გამოძიებას დაკავების შემდეგ აღიარებითი ჩვენება მისცა.
ნიკა აბრამიძის ჩვენებას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, აბრამიძემ ჩვენება ბრალის წარდგენამდე მისცა, თუმცა ბრალდებულად ცნობის შემდეგ მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკი ჩაუდეს. რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას, აბრამიძემ განმარტა, რომ მას დანაშაული ზეწოლის შედეგად აღიარა.
გამოძიებისთვის ბრალდებულად ცნობამდე მიცემულ ჩვენებაში კი ნიკა აბრამიძე ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემის დეტალებზე საუბრობს. მისი ჩვენების თანახმად, ოჯახი ნარკოტიკებს რუსეთში ყიდულობდა და საქართველოში ავტობუსით ჩამოჰქონდა ადგილზე კი დაფასოება ხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია 7 პირი, რომელთა შორის ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და 2 შვილი - ანა, ვიაჩესლავ, დავით და ნიკა აბრამიძეები. შვიდკაციანი ორგანიზებული ჯგუფი ინტერნეტით ყიდდა ნარკოტიკებს. მათ ორგანიზებული ჯგუფის სტატუსი აქვთ და წაყენებული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.