სასამართლო პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო "მამიდას" მფლობელის, როენა ხუცურაულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. დღესვე გაიმართება დანარჩენი ორი პირის სასამართლო პროცესიც.
დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაული და მასთან ერთად დაკავებული ორი პირი თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.