ბოლო ერთ წლის განმავლობაში ბაზარი 12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა, ამ სექტორში დასაქმებული 686 ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 61 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 12 ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2018 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.
ამავე მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4 ათას 225 ადამიანი, რაც 686 ადამიანით, დაახლოებით 14%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მისო-ებში 4 ათას 911 ადამიანი მუშაობდა.
მიკროსაფინანსოების კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 36 ერთეულით შემცირდა ფილიალების რაოდენობაც. თუ 2018 წლის პირველ კვარტალში ორგანიზაციები 424 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 388-მდე შემცირდა.